17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ამ ადამიანს უნდა რომ გავჩუმდე და თვითონ შეინარჩუნოს სკამი, თორემ შერიგება ასე პიროვნულად არ უნდა - დათუნაშვილი გეგეშიძეზე 

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმზე დასწრებასთან დაკავშირებით საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

სპორტსმენს მიაჩნია, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება. ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს რეალურად მხოლოდ მისი გაჩუმება უნდა და არა შერიგება.

„მე გავეცნობი პრეზიდიუმს, ვინები იქნებიან გავიგებ და ამის შემდეგ გადავწყვეტ მე მივალ ამ პრეზიდიუმთან თუ არა. დღეს დღეობით პრეზიდიუმში ის ხალხია, რაზეც ბატონი რომან რურუა საუბრობდა, 80% პრეზიდიუმის არის ისეთი ხალხი, რომელსაც რასაც ეტყვიან იმას გააკეთებენ. დღეს არის ეს ფაქტი და მე ამ პრეზიდიუმს დღესდღეობით არ ვენდობი. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, ამ ადამიანს უნდა უბრალოდ, რომ მე გავჩუმდე, გამაჩუმონ ამ შერიგებით და თვითონ შეინარჩუნოს სკამი. თორემ შერიგება ასე პიროვნულად არ უნდა. თუ პიროვნულად შერიგება უნდა თავიდანვე იტყოდა. თავიდან იძახდა ხელი არ მომიქნევიაო მე, შემდეგ აღიარა და ეს ნელ-ნელა აღიარებს ყველაფერს, ვნახოთ შეიძლება ისიც აღიაროს, რომ რკინა ეჭირა ხელში და ის ჩამარტყა,“ - ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდიუმის სხდომაზე, ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებს და სპორტის სასახლეში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე იმსჯელებენ. 

ზურაბ დათუნაშვილსა და გეგა გეგეშიძეს შორის ღია დაპირისპირება სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო. „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტში ჩანდა, თუ როგორ გაუსწორდა ხელკეტით შეიარაღებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ზურაბ დათუნაშვილს.

სპორტსმენის თქმით, კონფლიქტი გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც მან ერთ-ერთ სხდომაზე გეგა გეგეშიძის მცდელობა, ჩაენაცვლებინა მოჭიდავე საკუთარი მოსწავლით, გააპროტესტა.

გეგეშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, რის შემდეგაც ის დააკავეს, თუმცა, სასამართლომ ფედერაციის პრეზიდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ევროპის ჩემპიონი გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები