დავით ჭიჭინაძის სკანდალური განცხადების მიუხედავად მმართველი გუნდის ამბოხებული წევრები სამომავლო გეგმებზე ღიად არ საუბრობენ.
ისინი ამბობენ, რომ სტრატეგია მათ ნამდვილად აქვთ როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი, თუმცა ამაზე დაწვრილებით საუბარს ახლა არ აპირებენ. ეკა ბესელიას თანამოაზრეების განცხადებით, ახლა მთავარია მათი გრძელვადიანი თანაარსებობა საპარლამენტო უმრავლესობასთან, რათა დაარწმუნო ისინი რომ არ შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმგვარი სიის დამტკიცება, როგორიც პირველ ჯერზე იუსტიციის საბჭომ წარადგინა.
„მთავარი არ არის დაპირისპირების თვითონ პროცესი. აქ არის მთავარი შედეგი რა შედეგი დადგება, ამიტომ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევჯერდეთ ისეთ პროცედურაზე, რომელიც თავიდან აგვაცილებს იმ მოსამართლეების გამწესებას რომელთა მიმართაც ჩვენც კრიტიკული დამოკიდებულება გაქვს და საზოგადოებასაც. ვისაც გვინდა, რომ ეს მოსამართლეები არ მოხვდნენ უზენაეს სასამართლოში ვაკეთებთ იგივეს რაც მდგომარეობს შემდეგში, რომ ვარწმუნებთ ჩვენს თანაგუნდელებს, რომ თუ მინდა მხარდაჭერაზე საკითხი, რომ მათ მხარდაჭერა არ გამოუჩინონ,"-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს არც ლევან გოგიჩაიშვილი. ის ამბობს, რომ მთავარია ახლა სასამართლო სისტემის რეფორმაა და არა ის რას გადაწყვეტს და ვის გუნდში დარჩენას ამჯობინებს თავად ის.
"იმდენად მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლო როგორი იქნება ერთი მეოთხედი საუკუნე იმასთან შედარებით ლევან გოგიჩაიშვილის სად მოხვდება და როგორ მოხვდება არის ძალიან უმნიშვნელო. იმ გადმოსახედიდან და იმ დროის სივრციდან. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს მომავალი როგორი იქნება,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
დღეს დავით ჭიჭინაძემ კობახიძე მდინარაძის დაჯგუფებასთან დაპირისპირებული დეპუტატების სამოქმედო სტრატეგია გათქვა. ჭიჭინაძე ამბობს, რომ დრო ახლა ეკა ბესელიას თანამოაზრეების სასარგებლოდ მუშაობს და ეს გუნდი "ქართულ ოცნებაში" დარჩება მანამ, სანამ ეს შესაძლებელია იმისთვის, რომ ბევრად უფრო მეტი მხარდამჭერი მოიპოვოს.