17 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"ბატონ მიხეილს უნდა დაუდგეს ყველა, ვინც ემიგრანტი სადმე იმყოფება" - ლიეჟში სააკაშვილთან შესახვედრად ემზადებიან

ქართველი ემიგრანტების შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან ქალაქ ლიეჟში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ბელგიაში ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ. ემიგრანტები ამბობენ, რომ ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად საკუთარი შვილების მომავლის გამო ჩამოვიდნენ.

„ჩვენ ჩამოვედით გერმანიიდან, ჩემს გარდა კიდევ ბევრი ხალხი უერთდება ამ კონფერენციას და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე დავბრუნდებით საქართველოში. ბატონ მიხეილს უნდა დაუდგეს ყველა, ვინც ემიგრანტი სადმე იმყოფება. იმედი მაქვს, რომ ყველანი ერთად გავერთიანდებით და ჩავალთ საქართველოში. ჩვენ მზად ვართ ბატონ სააკაშვილს დავუდგეთ გვერდით,“-განაცხადა ნანა ქირიამ.

ემიგრანტები ამბობს, რომ ისინი საქართველოში დაბრუნებას აპირებენ და მზად არიან ეს მიხეილ სააკაშვილთან ერთად გააკეთონ.

„ერთად სახლში, ერთად მიშასთან ერთად. უნდა შევიკრიბოთ  მთლიანად მსოფლიოს ემიგრანტები. გაკეთდეს დიდი მობილიზაცია და ერთად ყველანი შევიდეთ საქართველოში ჩვენს პრეზიდენტთან ერთად. რამეთუ დღევანდელი ეს გაუბედურებელი მდგომარეობა არ უნდა გაგრძელდეს თორემ ჩვენს სამშობლოს ვკარგავთ,“-განაცხადა ხათუნა გვენეტაძემ.

ემიგრანტები ამბობენ, რომ ოცნებობენ სამშობლოში დაბრუნებაზე თუმცა საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ოლიგარქიული მართვის გამო ამას ვერ აკეთებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები