17 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
უკან გადადგმული ნაბიჯი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის მოსამართლეების უვადოდ გამწესების 5 წლით შეჩერება მიუღებელია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების საკითხზე გასვლით სხდომას მართავს.

სხდომა საქალაქო სასამართლოში უკვე დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც  “საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებებს გულისხმობს, მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლამდე უნდა შეჩერდეს.

ინიციატივა მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის. საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი ყოველგვარ საზღვარს გასცდა.

მიქაუტაძის შეფასებით, ამგვარი ცვლილება კანონში სასამართლო სისტემაში უკან გადადგმული ნაბიჯია.

მიქაუტაძის განცხადებით, ესაა მცდელობა, რომ მოსამართლეები რომლებიც ბოლო წლებში უფრო დამოუკიდებლები გახდნენ, დაბრუნდნენ იმ დროში როცა მხოლოდ ვადაზე ფიქრობდნენ.

საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონპროექტს, რომელსაც ხელს 9 დეპუტატი აწერს ერთადერთი მიზანი აქვს - სასამართლოს სამართავად და გასაკონტროლებლად გარკვეული მექანიზმები დარჩეს.

კანონპროექტი მიუღებელია საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილისთვისაც. მისი თქმით, ქართველმა პოლიტიკოსებმა მოინდომეს გზაზე დამდგარი სასამართლო დააბრუნონ უკან წარსულში.

დღის ამბები