უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა, რომელიც საპენსიო რეფორმაში ცვლილებებს ითვალისწინებს, როგორც ჩანს მმართველი გუნდის მხარდაჭერას ვერ მიიღებს. დეპუტატმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ თუ გუნდი მის ხედვას არ გაიზიარებს, ის დატოვებს უმრავლესობას.
დილიდან აღნიშნულ საკითხს სხვადასხვა კომიტეტებში განიხილავენ. ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივა უკვე ჩავარდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე. მანამდე კი ის დაიწუნეს აგრარულ იდა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე.
ინიციატივასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი არ აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია მას და მის თანაგუნდელებს რამდენიმე თვით ადრე ჰქონოდათ.
„კომიტეტი როდესაც განიხილავს მაგის მიხედვით მოგახსენებთ ჩემს აზრს. მე პირადად არ ვუჭერ მხარს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ არსებობს კომიტეტი, მე ვარ წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. უბრალოდ ინფორმაცია ამის თაობაზე რამდენიმე თვით ადრე ჯობდა, რომ მძლავრი საკომუნიკაციო კამპანია ყოფილიყო, სად უნდა გადაირიცხოს, როგორ უნდა გადაირიცხოს, დაბეგვრა როგორ უნდა მოხდეს და ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც უშუალოდ ვთქვათ ბიზნესისთვის ამ პროცესს აადვილებენ,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარს უჭერს დიმიტრი ცქიტიშვილი. ის ამბობს, რომ სოლიდარული სისტემის შემოღება მნიშვნელოვანია რადგან ის მოიცავს ისეთ მიდგომას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ ერთმანეთის მხარდაჭერას.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორი ინიციატივაა, განსაკუთრებით ის განსხვავებული ეს იყო მეორე სვეტი, რომელიც სოლიდარულ სისტემას გულისხმობს და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მიდგომით არსებობდეს იმიტომ, რომ საპენსიო სისტემა არ არის ეკონომიკური, ეს არის სოციალური და კულტურული ასე ვთქვათ სისტემა, რომელიც აყალიბებს საზოგადოებაში ერთობას და სოლიდარობა ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა თაობები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფები ერთმანეთს უჭერენ მხარს და საბოლოო ჯამში იქმნება ერთიანი კეთილდღეობის სისტემა, რომლიდანაც შედეგი და სარგებელი თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს,”-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.