17 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
"მოიცა რა ადა, რა დაგემართა?"- "ნერვებს მიშლი" - გიგი წერეთლისა და ადა მარშანიას კამათი პარლამენტში

რუსულ პროპაგანდაზე მსჯელობას პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა. კომიტეტი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე არსებული გამოწვევების შესასწავლად სპეციალური ჯგუფის შექმნაზე მსჯელობდა.

ხმაური კი დეპუტატ ადა მარაშანიას განცხადებამ გამოიწვია. მან თავის გამოსვლაში სექსუალურ უმცირესობებზე ისაუბრა. მარშანიას კი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა უპასუხა.

სამადაშვილის თქმით, ის რაზეც მარშანია საუბრობდა, რუსული ნარატივია. დეპუტატმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსული პროპაგანდის ნარატივი მძვინვარებს და ეს იმ პოლიტიკური კურსის ბრალია, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული.

სალომე სამადაშვილის ამ რეპლიკას „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ უპასუხა.

„რაც თქვენ არ მოგწონთ, ის არის ყველაფერი რუსული ნარატივი ახალი მოდური სიტყვა ხო? ჩვენ ვმსჯელობდით ჰომოსექსუალიზმზე. იმ ადამიანებს, ვისაც ეს არ მოსწონს, უფლება გვაქვს არ მოგვწონდეს? ე.ი. რადგან არ მოგვწონს რუსული პროპაგანდის მატარებლები ვართ და რუსული პროპაგანდის ნარატივის შედეგად ვსაუბრობთ ამაზე? სირცხვილია ასეთი განცხადების გაკეთება და თქვენ თავი უნდა გქონდეთ მხრებზე და არა მოსიარულე მახინჯი პროპაგანდისტული მანქანა“-მიმართა ადა მარშანიამ სამადაშვილს.

რაზეც მას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ მხოლოდ სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები არ უსვამს ხაზს მათ პრორუსულობას.

გიგი წერეთელმა კი ადა მარშანიას მიმართა და უთხრა, რომ მსოფლიოა შეთანხმებული, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს და ყველგან ქმნის პრობლემებს განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გიგი წერეთელს წინადადების დასრულების საშუალებას ადა მარშანია არ აძლევდა, ბოლოს კი "ევროპული საქართველოს" დეპუტატს მან "უნამუსო" უწოდა, რასაც ადა მარშანიასა და გიგი წერეთელს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

​წერეთელი: მოიცა, რა, ადა, რა დაგემართა?

მარშანია: ნერვებს მიშლით ძალიან.

წერეთელი: ნერვებს თუ გიშლით ამისთვის ბევრი საშუალებაა. ჩვენც გვიშლით ნერვებს, მაგრამ უნამუსო რას ჰქვია? ზედმეტი არ მოგივიდეს ადა, პატივს გცემ.

დღის ამბები