ე.წ. ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მთავრი მოწმის, მიხელ კალანდიას დაკითხვით გრძელდება. ის გახმაურებული საქმის მთავარი ფიგურანტია, რომელმაც ადვოკატების განცხადებით, გამოძიების ეტაპზე და სასამართლო პროცესებზეც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. სწორედ ამ მიზეზის გამო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის არასანდო მოწმედ იქნა მიჩნეული.
დღევანდელი პროცესი ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა მისი პროტესტი გამოიწვია პროკურორების შეკითხვებმა, რომლებიც მოწმე კალანდიას ფაქტობრივად მინიშნებებს აძლევდნენ. მისი თქმით, ბრალდება ცდილობს ისე გამოიყვანოს თითქოს დავით სარალიძე უკვე მსჯავრდებულებმა გ.ჯ.-მ და გ.ბ.-მ მოკლეს ჯგუფურად.
„ცდილობენ, რომ კალანდია გამოიყვანონ მართალი. და ბარბაქაძეს შეტენონ ყველაფერი. შთაბეჭდილება კი არ დამრჩა, პირდაპირ აპირებენ კალანდიას გაპრავებას და ბარბაქაძის შემოყვანას საქმეში ხელახლა. პროკურორები კითხავდნენ ამ წუთში და ვეღარ გავუძელი ფიზიკურად. ადვოკატებმა რაღაც პროტესტი დააყენეს, მიმანიშნებელი კითხვა დაუსვა პროკურორმა და მოსამართლემ არ დაუკმაყოფილა. ჩემს ადვოკატს რაღაც გადავუჩურჩულე და მოსამართლემ გაგაძევებო. ფაქტია რომ ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ კალანდია არ არის მკვლელი ანუ ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელი არ არსებობს,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ბრალდების მხარესთან პრეტენზიები აქვთ ადვოკატებსაც. ისინი ამბობენ რომ მოწმე კალანდია დისკრედიტირებულია. მის რეაბილიტაციას კი უფლებადამცველების განცხადებით, პროკურატურა ცდილობს.
„მე მაქვს ხელთ დაახლოებით 9 ჩვენება რომელიც არის კალანდიასი და ყველა ჩვენებაში ის ურთიერთ გამომრიცხავ გარემოებებს ასახელებს. ამიტომ აღნიშნული მოწმის ნდობა არის წარმოუდგენელი რამ, რომ ასეთ მოწმეს სასამართლომ მიანიჭოს მნიშვნელობა და მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია ჩათვალოს სანდოდ,“-განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.