17 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"ბავშვს იარაღი მიუშვირეს" - ფულის გამოძალვა და ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების ბრალდებები სამართალდამცველებს 

საქალაქო სასამართლო ქურდული სამყაროს კავშირში ბრალდებული 4 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქალაქო სასამართლო ამ წუთებში, ბრალდების და დაცვის შუამდგომლობებს ისმენს. ოთხივე დაკავებულს გამოძიება ქურდულ სამყაროსთან კავშირს და ბიზნესმენისთვის კრიმინალური ავტორიტეტის დახმარებით, ფულის გამოძალვას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და მათი დაკავების მომენტში სპეცრაზმელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.

„ვიყავი ოჯახთან ერთად, ბავშვი მყავდა სახლში, უცებ სპეცრაზმი მივარდება სახლში. შემოვარდნენ, ბავშვის თვალწინ ერთი ათი იარაღი დამადეს თავზე, ჩემს მეუღლეს ერთი ათი იარაღი თავზე. ბავშვს იარაღი მიუშვირეს. მაგის თვალწინ მაპორწიალებენ, ბორკილებს მადებენ. მერე წამიყვანეს უცბათ. ჩემს შვილს ტელეფონს ართმევენ, ჩემს მეუღლეს ტელეფონს ართმევენ. ეს არის ქართული პოლიცია? ბავშვს სახლში რომ მივალ რა ვუთხრა, პოლიცია იყო მოსული ყაჩაღი ვეგონეთქო?!,“-განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ირაკლი რიჟამაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვით გამოძალვის მცდელობა თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ე.წ. კანონიერი ქურდები ფულს სამშენებლო კომპანია „აპოლის“ ხელმძღვანელს სთხოვდნენ.  საქმეში ფიგურირებს ინტერპოლით ძებნილი ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "სუხო," რომელიც ე.წ. გარჩევაში skype-ით- ჩაერთო. საქმეში მტკიცებულებად დევს ვიდეო და აუდიო ჩანაწერი. ბინაში, სადაც ფაქტი მოხდა სამართალდამცავებს დამონტაჟებული ჰქონდათ სათვალთვალო კამერა.

წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება ერთ-ერთი დაკავებული  მერაბ კაჭკაჭიშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ კონსპირაციულ ბინაში შემთხვევით მოხვდა.  

„შემთხვევით ვარ მოხვედრილი. არც ვიცოდი სად მივდიოდი. მეგობრები ერთად მივდიოდით , დრო გვქონდა ერთი საათი. მერაბი თავის ბიზნეს საქმეზე წავიდა . უბრალოდ შევედით. საერთოდ არავის არ ვიცნობდი. ვიღაც ემიგრანტმა დარეკა, არ ვიცი ვინ იყო. აზრზე არ ვარ არაფრის და წამოვედი სახლში,“-განაცხადა მერაბ კაჭკაჭიშვილმა. 

დღის ამბები