ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის მიერ მატროსოვის ციხიდან გამოგზავნილი წერილის შინაარსი, სადაც ოთხმა მღვდელმთავარმა მუქარა ამოიკითხა, ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. არც ერთი ეპისკოპოსი კამერის წინ არ საუბრობს, რა მისწერა ციხიდან მათ მამა გიორგი მამალაძემ.
სანდო წყარომ „კურიერს“ მხოლოდ წერილის ერთი ნაწილის შინაარსი გაუმხილა. ინფორმირებული ადამიანი ვინც, დეკანოზის გზავნილი წაიკითხა, ამბობს, რომ ციხიდან პატიმარი მღვდელი პატრიარქის ოჯახის ბიზნესინტერესებზე საუბრობს და ილია მეორის დას, დედა ნატალიას ახსენებს. სწორედ დეკანოზმა მამალაძემ შეისწავლა პატიმრობამდე დედა ნატალიას ქონებრივი საკითხები და მისი ფინანსური შემოსავლები.
დედა ნატალია, რომლის ბიზნესინტერესებზეც სავარაუდოდ, მამა გიორგი მამალაძის წერილშია საუბარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მსახურობს. საპატრიარქოს ყველაზე გავლენიანი დედაო ტაძარში საკადრო პოლიტიკას განაგებს.
მიმართვას 4 ადრესატი ჰყავს და ყველა მათგანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია. ადრესატებს შორის არიან მეუფე პეტრე ცაავა, მეუფე ანდრეა გვაზავა, მეუფე დიმიტრი და მეუფე დავით ალავერდელი. გზავნილი ოთხივე ადრესატთან მივიდა, მეუფე პეტრემ მაშინ რეაგირება სინოდის წევრებს სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
პატიმარი მღვდლის ძმამ სკანდალური წერილის შინაარსის მხოლოდ ერთი ნაწილი იცის. თორნიკე მამალაძის თქმით, სასულიერო პირის დაკავებიდან და ციხიდან წერილის გამოგზავნის შემდეგ რამდენიმე კვირაში საპატრიარქოდან გავლენიანი სასულიერო პირი დაუკავშირდა, პირად საუბარში კი მან უთხრა, რომ მღვდელს ბოლომდე დასჯიდნენ, რის შემდეგაც საპატრიარქომ დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.