დაკავებული სპეცრაზმელის ზაალ ლატარიას სახლში ამ წუთებში ჩხრეკა იწყება. ზუგდიდში, ლატარიას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან მისი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებების პოვნას შეეცდებიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ყოფილი სამხედრო და უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარია სწორედ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმის ფარგლებშია დაკავებული.
ოჯახის წევრებისთვის უცნობია, რას უკავშირდება ზაალ ლატარიას დაკავება. დაკავებულის ძმა ამბობს, რომ ყოფილი სპეცრაზმელი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს ზაალ ლატარიას დედაც. ამბობს, რომ მისი შვილი მეომარია და მას კადრების გავრცელებასთან კავშირი არ აქვს.
„ბესელიას კადრებთან დაკავშირებით შეხება არ ჰქონია, შეიძლება იყოს ეს პოლიტიკური დაკვეთით. აბრალებენ მეტი არაფერი. ჩემი შვილი არის მეომარი ომობდა აფხაზეთში მთელ საქართველოში და ეს ტუ არის მისი ბრალი არ ვიცი ...რა ქვეყანაში ვცხოვრობთ“- ამბობს ლატარიას დედა.
ზაალ ლატარია დღეს ბათუმში დააკავეს. ის სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვეს და ბათუმის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ყოფილი სპეცრაზმელი თბილისში გადაჰყავთ, სადაც წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსებენ და ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.