ახალგაზრდა ქალი არ მალავს, რომ სოციალურ მუშაკს მეტროს ვაგონში ფიზიკურად გაუსწორდა. სოციალურ აგენტზე თავდასხმის მიზეზი ერთ წლის გოგონა გახდა, რომელიც მიმღებ ოჯახშია გადაყვანილი.
21 წლის დედა ნინო კობაიძე სოციალურ აგენტს, ნანი მახათაძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა. მომხდარი ფაქტის გამო, ახალგაზრდა ქალი პოლიციამ ადგილზე ადმინისტრაციული წესით დააკავა. პოლიციაში რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ კი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
ნინო კობაიძემ სოციალურ მუშაკზე მას შემდეგ იძალადა, რაც ერთი წლის გოგონა მშობლებს და ბებია-ბაბუას გამოარიდეს. მცირეწლოვანი მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში მიმღებ ოჯახში გადაიყვანეს. ამის საფუძველი, სოციალური მუშაკების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები გახდა.
დედა ჩვილთან ერთად ხშირად მეტროში მოწყალებასაც ითხოვდა. ნინო კობაიძე კი ირწმუნება, რომ ბავშვთან ერთად მეტროში მოწყალება მას შემდეგ არ უთხოვია, რაც გააფრთხილეს, რომ შვილს ჩამოართმევდნენ.
ნინო მოწყალებას ბავშვობიდან მიჩვეულია. იგი წლების წინ დედასთან ერთად იდგა ქუჩაში. დაოჯახების შემდეგაც ხშირად, ისევ ამ მეთოდით ირჩენს თავს. მას და მის მეუღლეს მუდმივი საცხოვრებელი არ აქვთ. ამჟამად ქმრის მშობლებთან არიან დროებით. ამბობენ, რომ შეუძლიათ ერთი წლის გოგონას სათანადო პირობები შეუქმნან. ისინი შვილის დაბრუნებას ითხოვენ.
ბავშვის დასაბრუნებლად ოჯახს რთული პროცედურების გავლა მოუწევს. მთავარი კრიტერიუმი, რაც დედ-მამამ უნდა დააკმაყოფილოს, ბავშვის უსაფრთხო გარემოა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების გამოყენება მოწყალების სათხოვნელად საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება.
ავტორი: ნინო გაზდელიანი