"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ზაალ უდუმაშვილი მუხიანის დასახლებაში მცხოვრებ ტალიანოვების ოჯახს ესტუმრა.
ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაშია და უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ და ნაქირავებში ცხოვრობენ, თუმცა გამგეობა ქირას არ უნაზღაურებს.
ოჯახის უფროსმა ოპერაციის გაკეთების გამო უფასო სასადილოში ერთი კვირის განმავლობაში მისვლა ვერ მოახერხა, გამოუცხადებლობის გამო კი კათარზისით სარგებლობა აეკრძალა.
“21-ე საუკუნეა, შუქი მე არ მაქვს, გაზი მე არ მაქვს, წყალი მე არ მაქვს. სასადილოში ვიყავი, ოპერაცია, რომ გავიკეთე მაგის გამო სასადილოდანაც მომიხსნეს. დახმარებებზეც კიდევ სოციალურებზე რამე თუ რიგდება, გინდაც საახალწლო ერთჯერადი 300 ლარი, რომ დარიგდა, ყველგან იმით იმართლებენ თავს, რომ ვარ უმისამართო. თუ უმისამართო ვარ დახმარებას მაძლევენ, ბიულეტენები რომ მოვიდნენ სამ-სამი ბიულეტენი მოვიდა ხმის მიცემაზე, მაშინ არის მისამართი,“ - აცხადებს ტალიანოვების ოჯახის წევრი.
ტალიანოვების 5-სულიანი ოჯახი, რომელიც 3 მცირეწლოვანი ბავშვისგან შედგება წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილები.
„აი ამ მიწურში, რომელსაც სახლს ვერ დაარქმევ ვერანაირად დღეს ცხოვრობს 5-სულიანი ოჯახი, მათ შორის 3 პატარა ბავშვით, რომელთაც არც წყალი გააჩნიათ, არც შუქი გააჩნიათ, არც გაზი გააჩნიათ და მერე საღამოს ვიღაც-ვიღაცეები ტელევიზიით გამოდიან და გვეუბნებიან, რომ თურმე ჩვენ სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ქალაქში ვცხოვრობთ. თუ იმას აინტერესებს როგორია მართლა სიცოცხლით სავსე ქალაქი მუხიანის დასახლებაში მოვიდეს და ამ ოჯახის წევრებს შეხვდეს, რომელთაც უფლება აღარ აქვთ უკვე, რომ უფასო სასადილოთი ისარგებლონ იმიტომ, რომ იქიდანაც კი გამოაძევეს და ერთი პურის წამოღების საშუალებაც კი არ აქვთ, რომ სახლში მოიტანონ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.