პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზაალ ლატარიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყოფილი სპეცრაზმელი ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ლატარია საგამოძიებო უწყებამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვასა და გავრცელების ბრალდებით დააკავა. აფხაზეთის ომის ვეტერანი ადასტურებს, რომ დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები facebook-ზე გაუგზავნეს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მის მიმართ პროვოკაცია მიზანმიმართულად განხორციელდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ყოფილმა მებრძოლმა დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები ინტერნეტით მიიღო და მოგვიანებით ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა. გამოძიების ამ ვერსიას ბრალდებულის ინტერესების დამცველი არ ეთანხმება.
ყოფილ მებრძოლს რომ სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუგზავნეს, ინფორმაცია მის ოჯახსაც ჰქონდა. მათი მტკიცებით, შეტყობინება ლატარიამ უცნობი პირისგან მიიღო და რამდენიმე წუთში წაშალა. აფხაზეთის ომის ვეტერანის ოჯახი დარწმუნებულია, რომ დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
ლატარიები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მათი შვილი ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კოორდინატორი იყო. იხსენებენ იმასაც, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ყოფილი სპეცრაზმელის მიმართ მუქარას ჰქონდა ადგილი და მას მმართველი გუნდის ახლო გარემოცვის წევრები პოლიტიკური აქტიურობის შეწყვეტას სთხოვდნენ.
საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობენ გაერთიანებულ ოპოზიციაში. “ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყოფილი სამხედრო “ქართულ ოცნებაში” არსებულ შიდა დაპირისპირებას შეეწირა. დაკავება კი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.
ავტორი: ემა გოგოხია