დეკანოზი გიორგი მამალაძე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იშემიური შეტევით მიიყვანეს.
დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები, თუმცა, ექიმები ინსულტის კერას ჯერჯერობით ვერ პოულობენ.
მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დამძიმდა მას შემდეგ, რაც გიორგი მამალაძის ზიარების მოთხოვნით, მისმა ძმამ საპატრიაქოსთან შიმშილობა დაიწყო.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოკვლევები გრძელდება და დეკანოზი ინტენსიურ განყოფილებაში რჩება.
„გამოკვლევა კიდევ მიმდინარეობს. მიზეზი ჰოსპიტალიზაციის გახდა ის, რომ მარჯვენა მხარე საერთოდ უმოქმედო აქვს. შესაბამისად, უკვე ეძებენ კერას, რისგან არის ეს გამოწვეული და რა შეიძლება, ეს ყველაფერი იყოს. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუ რამდენი ხანი დარჩება კლინიკაში. ინტენსიურში არის, მე მასაც ვესაუბრე და არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ზუსტად 2 წლის უკან ამ რიცხვში, როდესაც კლინიკაში მოიყვანეს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატი დეკანოზის სულიერ მდგომარეობაზე საუბრისას სრულ პასუხისმგებლობას წმინდა სინოდის წევრებს აკისრებს.
"მისი სულიერი მდგომარეობა, ამდენი ხანი რომ ზიარებას ითხოვს და არც აზიარეს და არაფრად არ ჩააგდეს, წმინდა სინოდის წევრების უმრავლესობა, ვინც არიან, მაგათ ნამუსზე იყოს და მაგათ მოეკითხოთ ცოდვები. როგორი გიორგი მამალაძეც მიიყვანეს, მაგათ ღირსებაზე იყოს, თუ გააჩნიათ, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის,“ - განაცხადა რამიშვილმა.