17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამაზე იხარჯება ჩვენი ფული და ამის უკან დგას მთავრობა" - კანდელაკი TBC-ის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარზე

მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ შავი პიარის ახალი ტალღის აგორებას პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს მდივანი, გიორგი კანდელაკი, ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებს.

გიორგი კანდელაკი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში აგორებულ ნეგატიურ კამპანიასა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს შექმნილ მდგომარეობასთან პარალელს ავლებს. კანდელაკი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩვენების პერიოდშიც მსგავსი  სიძულვილის ენის შემცველი კამპანიები მიმდინარებდა.

გიორგი კანდელაკი ამ ყველაფერში ხელისუფლების დაინტერესებას ხედავს.

„პირველ და მეორე ტურებს შორის, საპრეზიდენტო არჩევნებში ავრცელებდნენ ამ სიბინძურის და სიძულვილის ენის ტალღები იყო და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამაზე იხარჯება ჩვენი ფული, გადასახადის გადამხდელთა ფული და რომ ამის უკან დგას მთავრობა. ისევე, როგორც დადასტურდა რამდენიმე შემთხვევაში, კიდევ იყო სხვა შემთხვევები,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

თიბისი ბანკის დამფუძნებლებზე სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პოსტები ვრცელდება.

სოციალურ ქსელში აღნიშნული გვერდები არჩევნების წინ ოპოზიციის შავი პიარის და თავდასხმებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა.

თიბისი ბანკმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გათავისუფლებას ეხებოდა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კი გუშინ ბანკმა გაასაჩივრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები