დეკანოზ გიორგი მამალაძე კვლავ ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. როგორც მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურებს. მიუხედავად ამისა, თორნიკე მამალაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტის ნიშნები არ აქვს.
„აქამდე პირად საუბრებში მეუბნებოდნენ, რომ არის, სავარაუდოდ, ინსულტი, ახლა ამბობენ, რომ ინსულტი გამოირიცხა. შევალ, გავარკვევ. მოვიკითხავ მის მდგომარეობას, ჩემს ძმასაც ვნახავ, გავესაუბრები. ამის შემდგ უკვე კონკრეტულად ვიტყვი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მსჯავრდებული კლინიკაში მოინახულა მისმა მეგობარმაც. ტარას შავშიშვილი დარწმუნებულია, რომ დეკანოზის მძიმე დიაგნოზს ექიმები ხელისუფლების მითითებით მალავენ.
„ეს არის აბსურდული დასკვნა. თუ მათ ვერ იპოვეს კერა ინსულტის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქ საქმე არ გვაქვს ინსულტთან, ვინაიდან თავადაც მოეხსენებათ, რომ არსებობს ტრანზიტული ინსულტი. ისინი მალავენ რეალურ დიაგნოზს იმიტომ, რომ მათ აქვთ ასეთი დავალება ხელისუფლებისგან, რომ შეამსუბუქონ მამა გიორგის მგომარეობა საზოგადოების თვალში. მათ იციან, რომ საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგი. იმის შიშიც ექნებათ, მე დარწმუნებულ ვარ, რომ ლეტალური შედეგით არ დამთავრდეს ეს ყველაფერი და თავზე არ ჩამოემხოთ მთელი ეს სისტემა,“ - განაცხადა ტარას შავშიშვილმა.