17 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"მოვუწოდებთ, რუსეთს პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას" - მაკრონი

საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულებულია. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის შეკითხვებს ერთობლივ ბრიფინგზე უპასუხეს.

ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა სამხედრო და კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა იმუშავებს ქართულ მხარესთან იმისთვის,  რომ შემცირდეს ემიგრანტთა ნაკადი ევროპაში.

პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს "დიმიტრი ამილახვრის სახელობის ორმხრივი დიალოგის" დაწყებასაც, რომელიც სხვადახვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

მაკრონმა დაგმო ბორდერიზაციის პროცესი და მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ დიალოგის გაგრძელებას ჟენევის ფორმატში. საფრანგეთის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქართველოში ე.წ. სადემარკაციო ხაზზე. ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ. მსგავსი პრაქტიკა რუსეთის მხრიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას და ჩვენ არ გავჩუმდებით. ყოველთვის დავგმობთ ამას. საფრანგეთი ყოველთვის ახსენებს რუსეთს, რომ უფრო მეტი კონსტრუქციულობა გამოიჩინოს და დაუშვას დამკვირვებლები სეპარატისტულ რეგიონებში. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას,“ - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა.

"არ შემიძლია, რომ არ ავღნიშნო ის მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე. არაღიარების პოლიტიკაზე, რომ საფრანგეთი მზად არის, რომ თავის პარტნიორებთან ძალიან აქტიურად მხარი დაგვიჭიროს ამ კუთხით. ვიცით, სად არსებობს შესაძლო პრობლემები და ამაზეც ვისაუბრეთ და საერთოდ საფრანგეთის  მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მზადყოფნა, რომ ყველანაირად აქაც იყოს  ჩვენ გვერდით, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ძალიან მტკივნეულ საკითხში, რომელსაც ჰქვია ოკუპირებული ტერიტორიები და რომელზეც ასევე ვრცლად ვისაუბრეთ,“ -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

დღის ამბები