17 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"არაეთიკური, გაუმართლებელი" - "ადვოკატთა ასოციაცია" იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებებს აფასებს

ადვოკატები იუსტიცია საბჭოს მოსამართლე წევრების წინააღმდეგ გამოდიან. "ადვოკატთა ასოციაციამ" დღეს 400 იურისტის სახელით მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ის იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, გააკონტროლოს დიმიტრი გვრიტიშვილისა და სერგო მეთოფიშვილის მუქარის შემცველი საჯარო განცხადებები.

ასოციაციაში მიუღებელი გახდა ამ 2 მოსამართლის Facebook პოსტები, სადაც ისინი არაეთიკურად მოიხსენიებენ ადვოკატთა გაერთიანებას და მის თავმჯდომარეს. "ადვოკატთა ასოციაციაში" მოსამართლეების განცხადებებს არაეთიკურს და გაუმართლებელს უწოდებენ.

იუსტიციის საბჭოს წევრებსა და ასოციაციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა თებერვლის დასაწყისში დაიძაბა, როდესაც ასოციაციამ კრიტიკული შინაარსის რეზოლუცია გამოაქვეყნა, სადაც სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იყო საუბარი.

რეზოლუციის შინაარსი საბჭოს ზოგიერთი მოსამართლე წევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომელსაც საპასუხო ბრალდებებით საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.

„აშკარად არაეთიკური, გაუმართლებელი და არაკოლეგიალურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოსამართლე წევრის მიერ ისეთი გამონათქვამებით საუბარი, როგორიც არის ფარისეველი, სამარცხვინო მედროვე, უსინდისო, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი და სხვა. ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლების მმართველ რგოლში შექმნილია კრიზისი, რაც ვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა მხრიდან არაეთიკურ და აგრესიულ საჯარო განცხადებებში. მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოუწოდოს თავის წევრებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან,“ - განაცხადა ციცინო ცხვედიანმა.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ყანდაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები მართლმსაჯულებას და სასამართლოს რეპუტაციას ზიანს აყენებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ტონით, ამ ენით მოსამართლეები მოქალაქეებს, მით უფრო ადვოკატებს არ უნდა ესაუბრებოდნენ და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მათ შორის უპირველესად, მართლმსაჯულებას და სასამართლოს რეპუტაციას აზიანებს.“ - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

"ადვოკატთა ასოციაციის" წევრების მიმართ გაჟღერებულ მუქარაზე საუბრობს ასოციაციის წევრი, მარიამ კუბლაშვილი. მისი თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებები იმ სხვა მოსამართლეებსაც აყენებს შეურაცხყოფას, რომლებიც საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ.

„მუქარა არის რეალური, ჩვენ მიერ აღქმადი. მოსამართლე პირდაპირ განცხადებით მოგვმართავს, რომ მე თქვენ დაგშლით და ასოციაციის დესტაბილიზაციას მოვახდენ, არის როგორც მინიმუმ, არაეთიკური, უხეში ქცევა მოსამართლის მხრიდან, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ და ხარისხიანი მართლმსაჯულების პროცესს უშლის ხელს, არამედ იმ სხვა მოსამართლეებს და იუსტიციის საბჭოს აყენებს შეურაცხყოფას, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ უფლებამოვალეობებს,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

დღის ამბები