17 ნოემბერი 2024,   10:17
ვრცლად
სამი კვირა ისანში მომხდარი ტრაგედიიდან - გაზის ნამწვით გარდაცვლილების ოჯახები გამოძიებისგან პასუხებს ითხოვენ

ისანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სამი კვირა გავიდა, დაღუპულების ოჯახებს კი ამ დრომდე არა აქვთ ინფორმაცია, ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარ უბედურებაზე.

შემთხვევა 31 იანვარს მოხდა. ნაქირავებ ბინაში 7 მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად გარდაიცვალა. დაღუპულები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულები.

გარდაცვლილებს შორის ყველაზე პატარა 19 წლის ლაშა კობახიძე იყო. მისი მშობლები უკვე სამი კვირაა, ცდილობენ, გაიგონ, რა მოხდა 31 იანვარს ისანში. მშობლები სახლის მეპატრონის დასჯასა და ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ.

პირველადი ინფორმაციით, 7 ადამიანის სიცოცხლე შიდა წვის წყლის გამათბობლის გამოყენების შედეგად ოთახში დაგროვილმა ბუნებრივი აირის ნამწვმა შეიწირა. სახლი, სადაც ტრაგედია მოხდა, ამ დრომდე დალუქულია. ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, სახლის მეპატრონეს ოქმი ორჯერ დაუწერეს, მან კი გაფრთხილება არ გაითვალისწინა და კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი არ მოხსნა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე - გაზგაყვანილობის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, რომელსაც 2-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რომელთა პასუხებიც ჯერ სამართალდამცველებს არა აქვთ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია წყლის გამათბობელი. დაკითხული არიან ყაზტრანსგაზის თანამშრომლები და სახლის მეპატრონე. გამოძიებას ჯერ მომხდარში დამნაშავე პირი არ გამოუვლენია. 

 

 

 

ავტორები: იზო ჩუბინიძე, ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები