ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მოსამართლეთა შერჩევის წესის დახვეწაზე საუბრობს. რენატე ვინტერი აცხადებს, რომ უნდა დაიხვეწოს რეგულაციები. მან ამის შესახებ პარლამეტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრა. ევროპელი ექსპერტები მმართველ გუნდს ურჩევენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები უფრო გამჭირვალე გახდეს.
„საპარლამენტო ჯგუფებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა რადგან აუცილებელია რამდენიმე კანონის შეცვლა. ამ ცვლილებამ უნდა შექმნას გარანტია, რომ მოსამართლეთა არჩევნის მექანიზმი სრულყოფილი გახდეს. როგორც ჩვენმა ექსპერტმა აღნიშნა და მეც მის რეკომენდაციას ვეთანხმები, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები უნდა დაიხვეწოს და კანონში ჩაიწეროს. კანონით უნდა განისაზღვროს არამხოლოდ კრიტერიუმები, არამედ მათი განმარტებები და ინდიკაციები. როდესაც კანონში არსებობს ჩანაწერი ვალდებული ხდები პროცესი საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად აწარმოო და თითოეული კანდიდატი ამ კრიტერიუმების მიხედვით შეაფასო. კანდიდატების დანიშვნა და წარდგენა უნდა იყოს დასაბუთებული. ხალხმა უნდა იცოდეს რატომ შეარჩიეს ეს კონკრეტული მოსამართლე ან რატომ არ დაუშვეს,“-განაცხადა რენატე ვინტერიმ.