საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინის ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა. მიღებას საპატრიარქოში პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლებმა საქართველოს პატრიარქთან უკრაინის ეკლესიებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
"შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათი პოზიციის ჩვენთვის გაცნობა. ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში.
მისმა უწმინდესობამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო, ამასთან მოუწოდა ლოცვის გაძლიერებისკენ, რათა ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს," - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეხვედრის სხვა დეტალებზე საპატრიარქოს წარმომადგენლები არ საუბრობენ. პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, საუბარი უკრაინაში არსებულ საეკლესიო ვითარებას შეეხო.
„იყო საუბარი უკრაინაში არსებულ საეკლესიო ვითარებასთან დაკავშირებით. არავითარი მოთხოვნა მას არ გაუჟღერებია. მან ისაუბრა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ, აი, ამ საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება. რაც საპატრიარქოს გვერდზე წერია, ეს არის ინფორმაცია თქვენთვისაც და ყველასთვის,“ -განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.