კადრები საოკუპაციო საზღვრიდან, რომელიც ორად გაყოფილი საქართველოს რეალობას ასახავს. სამგლოვიარო პროცესია ოტობაია-ორსანტიას ხიდთან, მავთულხლართებთან შეჩერდა.
მიცვალებული ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ხიდთან საგანგებოდ მიასვენეს, რომ ენგურს გამოღმა დარჩენილ ნათესავებს ცხედრის დატირების და მასთან დამშვიდობების საშუალება ჰქონოდათ.
ხიდის ორივე მხარეს გალში გარდაცვლილ 53 წლის გოჩა ტუფურიას გლოვობდნენ. ნათესავებმა და ახლობლებმა, ვინც აფხაზეთში გადასვლა ვერ მოახერხა, სამძიმარი ოჯახს ამ ფორმით, შორიდან გამოუცხადა.
„საშინელებაა, ასეთი რაღაც რომ ხდება საქართველოში... მისი და აქ ცხოვრობს, ამ სოფლის მეხუთე სახლია მისი და რომ ცხოვრობს. სანამ 200 ლარი არ გადაიხადა, მანამდე არ შეუშვეს. ფულით თუ შეიძლება გადასვლა და აქეთ გადმოსვლა, ადამიანები არ ვართ?“ - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი, ელისო ფარულავა.
უმძიმეს კადრებს, რადიო "ათინათი" ავრცელებს.