სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ერთი მილიონის ოქრო და ბრილიანტი მოიპარეს - დეტალები კურიერმა გაარკვია. სამხარაულის ბიუროს ექსპერტი, რომელსაც სეიფის გასაღები ჰქონდა, ამ საქმეში ერთადერთი ბრალდებულია.
კურიერის ინფორმაციით, ექსპერტიზაზე მიტანილი დიდი ოდენობით ძვირფასეულობა 32 წლის ლერი გაბიჩვაძეს უნდა შეემოწმებინა და დასკვნა დაედო, თუმცა ირკვევა, რომ შემოწმების ნაცვლად, სეიფიდან ოქრო და ბრილიანტი ნელ-ნელა გაჰქონდა.
კურიერის ინფორმაციით, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროდან მოპარული ძვირფასეულობის ნაწილი ოქროს ბირჟაზე იყიდებოდა. დაკავებული ექსპერტის დედა - გაიანე გაბიჩვაძე, უკვე წლებია, ოქროს ბიზნესით არის დაკავებული. შვილის დაპატიმრების და ჩხრეკის შემდეგ, გაიანე გაბიჩვაძემ საქმიანობა შეაჩერა.
გამოძიება ამ დრომდე მალავს ინფორმაციას, რა რაოდენობის ძვირფასეულობაა დაკარგული სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროდან და ვის ეკუთვნოდა მოპარული ოქრო. თუმცა, სანდო წყარომ კურიერს უთხრა, რომ საუბარია ერთი მილიონი ლარის ღირებულების ძვირფასეულობაზე.
დაკავებულმა ექსპერტმა ბრალი უკვე აღიარა და დანაშაული საკუთარ თავზე აიღო.
ჩვენებაში თქვა, რომ მარტო მოქმედებდა და ოქრო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დაცული შენობის დაცული სეიფიდან თავად გაიტანა.
32 წლის ლერი გაბიჩვაძე ექსპერტიზის ბიუროდან მოპარულ ოქროს რამდენიმე ადგილას ინახავდა. მათ შორის ერთ-ერთი საოჯახო ტიპის სასტუმრო, სადაც ნომერს ლერი გაბიჩვაძე ერთი ღამით ქირაობდა. ჩხრეკის შედეგად, მოპარული ნივთები, სასტუმროს გარდა, ამოიღეს დიღმის მასივში, ექსპერტის დედის - გაიანე გაბიჩვაძის, სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლიდან.
გამოძიება ჯერ ისევ სწავლობს, მოქმედებდა თუ არა 9-წლიანი სტაჟის მქონე ექსპერტი მარტო, თუ ჰყავდა თანამზრახველი, რომ ფინანსური სარგებელი მოპარული ძვირფასეულობით მიეღოთ.