17 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ძალიან ვწუხვარ, არ მინდა, ვინმეს ტკივილი ვატარო" - ეკა ბესელია მისი ფარული კადრების საქმეზე დაკავებულების ისტორიას ეხმაურება

"ძალიან ვწუხვარ, არ მინდა, ვინმეს ტრაგედია და ტკივილი ვატარო," - ასე ეხმაურება ეკა ბესელია 16 ბრალდებული საქმეს, რომელთაც, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნახვისთვის და მეგობრებთან გადაგზავნის გამო, პატიმრობა ემუქრებათ.

ის აცხადებს, რომ მისი თვითმიზანი ამ ადამიანების დასჯა ნამდვილად არ არის.

„თუ ჩემს პოზიციას რაიმე გავლენა ექნება, ნამდვილად ეს პოზიცია მექნება, რომ არ იყოს მკაცრი და იყოს სამართლიანი მიდგომა, როგორიც უნდა ჰქონდეს მართლმსაჯულებას. ამოცანა არ არის ის, რომ ვიღაცამ ვერ გააცნობიერა, რას აკეთებს და ამის გამო ცხოვრება დავუნგრიოთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ის უმსგავსო ანგარიშსწორებას უწოდებს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებას და აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ბრძოლას აგრძელებს, როგორც პოლიტიკოსი და არა იურისტი.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის ვერავის დაადებს ხელს და ვერ იტყვის, თუ ვინ გაავრცელა ეს კადრები და იყო თუ არა ეს ხელისუფლების ინტერესებში. თუმცა, ის ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ პასუხებს მიიღებს გამოძიებისგან. 

"მე მჭირდება მტკიცებულებები. ეს არ არის, ვინმეს რამე შეეშალა. ადრე თუ გვიან ეს მაინც გამოჩნდება," - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები