”ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ გამორიცხავენ. ირაკლი კობახიძის გადაყენების მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, ის უკმაყოფილება გახდება, რომელიც უმრავლესობაში პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ 2 წელიწადნახევარში დაგროვდა. ეკა ბესელიას შეფასებით, ირაკლი კობახიძეს ამ მდგომარეობამდე საქმე არ უნდა მიეყვანა. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ კრიტიკის საფუძველი არსებობს და არ არის გამორიცხული მისი იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს.
„უკვე ისეთი სურათია, უკვე აქამდეც, რომ მივიდა ეს პროცესი და უკვე ასეთი სამდურავი ისმის მის მიმართ და პარლამენტი, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის მთავარი ხერხემალი, როდესაც დგას რეპუტაციულად რისკის ქვეშ, უკვე სერიოზული პრობლემაა. აქამდეც არ უნდა მიეყვანა მას საქმე,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე ხედავს თუ არა ის პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის აუცილებლობას, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამის საფუძველი არსებობს.
„სამდურავის და კრიტიკის საფუძველი არის და ვნახოთ რა პროექტის ინიცირებას მოახდენს. მე პირადად მიმაჩნია, რომ ნამდვილად საფუძველი არის. მივყვეთ მოვლენებს. ჯერჯერობით მე სამართლებრივ პროცედურებს მივყვები,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.