თბილისის გენერალურ გეგმაში ხარვეზები გასწორებულია და ის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება. ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კახა კალაძე ამბობს, რომ მერიისა და „სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობის ხანგრძლივი პროცესი დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დასრულებულია.
თბილისის მერმა დღეს ასევე ისაუბრა, ტაქსების რეგულირების ახალ ეტაპზე, რომელიც 1 მარტიდან დაიწყება და ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად შეღებვას ავალდებულებს.
„ჩვენ ვიმუშავეთ და ყველა ხარვეზი არის გამოსწორებული. შენიშვნები, რომელიც იყო წამოსული რა თქმა უნდა მიღებული და გასწორებულია და დღეს უკვე ჩვენ დოკუმენტს გადავაგზავნით საკრებულოში იმისთვის, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იქნეს მიღებული. 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენა საჭიანი, 5-კარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ტექნიკური დათვალიერების გავლიდან 2 კვირის განმავლობაში მიმართავენ მითითებულ მისამართებს და მიიღებენ დასახელებულ ვაუჩერს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.