17 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
კომპანიის დირექტორს, რომელიც სამტრედიისა და ბათუმის ბაგა-ბაღებს ცხენის ხორცით ამარაგებდა, 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შპს „ელენიკოს“ დირექტორი, რომელსაც სამტრედიის ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეჰქონდა, დაკავებულია.

ნუგზარ მარგოიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ ღამით აიყვანეს. გამოძიება მას მომხმარებლის მოტყუებას, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია. ბრალი, რომელიც მარგოიძეს აქვს წაყენებული, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული იქნა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ბრალდებულს გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცთან ერთად ნაწილობრივ შეჰქონდა ცხენის ხორცი. აღნიშნული პიროვნება დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მომხმარებლის მოტყუების ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენების ბრალდებით,“ -განაცხადა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ონიანმა.

სამტრედიის გარდა იგივე კომპანია ხორცითა და ხორცის პროდუქტებით ამარაგებდა ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებსაც. ამ ეტაპისთვის უცნობია ხდებოდა თუ არა აღნიშნულ ბაღებში ცხენის ხორცის შეტანა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ითხოვს მოხდეს ამ საკითხის შესწავლა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ საკითხით მიმართეს როგორც მერიას ასევე საკრებულოს, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ეჭვობენ, რომ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ამ კომპანიას მფარველობენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, უნდა დადგეს ამ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. საგამოძიებო უწყებაში კი ამ ეტაპისთვის ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ ელოდებიან.

„ცალსახად დასტურდება დოკუმენტაციით, რომ ბათუმის საბავშვო ბაღებში ამ კომპანიას შემოაქვს ხორცი. ნაცვლად იმისა, რომ საკითხი შეგვესწავლა, ბათუმის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, ყოველგვარი გამოკვლევი და შესწავლის გარეშე ხელაღებით არის გადაფარებული ამ კომპანიაზე და არავითარ შემოწმებას და გამოკვლევას არ აპირებენ,“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ. 

 

სურსათის უვნებლობის სააგენტომ კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაადგინა გასული წლის შემოდგომაზე, გამოძიება კი ოქტომბრის თვიდან იქნა დაწყებული.

დღის ამბები