ჩაშლილი მოლაპარაკება ელმავალმშენებელ ქარხანაში - შრომის სამინისტროს მედიატორმა ფუნქცია ვერ შეასრულა და საწარმო ხმაურით დატოვა. ქარხნის თანამშრომლები უკვე 21 დღეა, კუთვნილ სახელფასო დავალიანებებს უშედეგოდ ითხოვენ. მარიამ სიგუამ გაბრაზებული მუშებისა და ქარხნის ადმინისტრაციის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა ვერ შეძლო.
ქარხნის ადმინისტრაცია მუშებთან შეხვედრას მხოლოდ პროფკავშირების გარეშე დათანხმდა. თუმცა ეს შეთავაზება თანამშრომლებმა იმ მოტივით არ მიიღეს, რომ მათი უფლებები დაუცველი დარჩებოდა. ქარხნის ადმინისტრაციაში ხმაურიანი აქციის პარალელურად, დღეს მხოლოდ რკინიგზის პროფკავშირის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საწარმოს ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელი, ომარ პაპიაშვილი დარწმუნებულია, რომ ქარხანა ახალმა მენეჯმენტმა მიზანმიმართულად გააკოტრა
პაპიაშვილის მსგავსად, ბოლო რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას უშედეგოდ ელის საწარმოს 1000-მდე თანამშრომელი. 21 დღიანი ვადა რომელიც ელმავალმშენებელი ქარხნის მუშებმა ადმინისტრაციას მისცეს, დღეს ამოიწურა.
ელმავალმშენებელში დასაქმებული პირები შრომითი ხელშეკრულებების გადახედვასაც ითხოვენ. მუშები „კურიერთან“ განმარტავენ, რომ მათ არ აქვთ კორპორატიული დაზღვევა და არ სარგებლობენ შვებულებით.