„ცალსახაა, რომ საქმე გვაქვს პროკურატურის ძალიან უნიჭო მცდელობასთან, შენიღბოს ივანიშვილის თავდასხმა „თიბისიზე“, ანაკლიის პორტზე, მის დამფუძნებლებზე,“- ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
ოპოზიციის წარმომადგენელი პროკურატურის გუშინდელ ბრიფინგს გამოეხმაურა, რა დროსაც საქმის პროკურორმა საქმე საზოგადოებას საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ შეახსენა.
აბესაძის თქმით, როდესაც საქმის მთავარი ფიგურანტები დაკითხულები არ არიან და პროკურატურა კი განცხადებებს აკეთებს, ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დისკრედიტაცია ხდება.
„გრიფით საიდუმლო საქმეზე პროკურატურა თავად ავრცელებს ყველა დეტალურ ინფორმაციას ფინანსური ტრანზაქციის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, მოახდინოს დისკრედიტაცია ანაკლიის პორტის და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მაშინ, როდესაც ისინი ჯერ ბრალდებულებიც არ არიან და მხოლოდ მოწმეები არიან. საქმის მიმდინარეობისას ჯერ დაკითხულები არ არიან საქმის მთავარი ფიგურანტები. რეალური სურვილი, საქმეზე გაირკვეს ობიექტური სინამდვილე, პროკურატურას არ ამოძრავებს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
"თიბისი ბანკის" საქმის პროკურორმა მედიას გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ისედაც ცნობილი ფაქტები თავიდან უამბო. საგამოძიებო უწყება დღეს ამტკიცებდა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 17 მილიონი დოლარი მათთან დაახლოებული ბიზნესმენის დახმარებით გაათეთრეს. ბიზნესმენის გვარი პროკურორს არ უხსენებია, თუმცა „კურიერის“ ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს გულისხმობდა. წერეთელი ამ დრომდე არ დაუკითხავთ.
გუშინდელ ბრიფინგზე ინიციალებით მოიხსენიეს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ფულის გათეთრების სქემის მონაწილე პაატა ღაძაძეც იყო.