19 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ეს აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებას", რომელსაც წარმოადგენდა სალომე ზურაბიშვილი, ხალხის მანდატი არ გააჩნია - კანდელაკი ეუთოს დასკვნაზე 

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს შემაჯამებელ დასკვნას, სადაც არაერთ დარღვევაზეა საუბარი, პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანი, გიორგი კანდელაკი ეხმაურება.

კანდელაკის თქმით, დასკვნაში პირდაპირ არის საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვასა და ძალადობაზე, რაც მისივე განცხადებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, ხალხის მანდატი არ გააჩნია. 

„ბოლო 15 წლის განმავლობაში ასეთი კრიტიკული დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არცერთ არჩევნებს არ მიუღია. შავით თეთრზე არის ტექსტი, ყველას შეუძლია წაიკითხოს, ეს ტექსტი, სადაც საუბარია ხმების მოსყიდვაზე, ძალადობაზე, სადაც საუბარია ძალადობაზე ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე, რაც ჩვენს თვალწინ ხდებოდა, ეს ტექსტი აჩვენებს, რომ რეალურად, სალომე ზურაბიშვილს და "ქართულ ოცნებას", რომელსაც წარმოადგენდა სალომე ზურაბიშვილი, ხალხის მანდატი რეალურად არ გააჩნია,“ - ამბობს კანდელაკი.

ეუთოს დოკუმენტის შინაარსი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

დღის ამბები