ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პირებს, სახალხო დამცველის აპარატი იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
ომბუდსმენი თავის განცხადებაში იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც თვლიან, რომ უკანონოდ არიან ბრალდებულნი.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის პირები, რომლებმაც განზრახვის გარეშე ნახეს ეს კადრები, არ უნდა დაეკავებინათ. ამ მუხლს ომბუდსმენის აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„მივესალმები იმას, რომ გამოყენებული იქნას პასუხისმგებლობის ზომა კადრების და ზოგადად პირადი ცხოვრების გასაჯაროების და გავრცელების შემთხვევაში, თუმცა ჩვენ არ უნდა მივიღოთ მეორე უკიდურესობა და საზოგადოება არ უნდა ვაცხოვროთ ტერორში ახლა იმის გამო, რომ შეიძლება მან უბრალოდ მისგან გაუთვითცნობიერებლად მიიღოს გარკვეული კადრები ისე, რომ შეიძლება მას წარმოდგენაც არ ჰქონდეს ამის შესახებ და აღმოჩნდეს ბრალდებულის სკამზე. თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი სახალხო დამცველი მზად არის, რომ ყველა ფორმით გაუწიოს მას დახმარება, ეს იქნება სასამართლო მეგობრის მოსაზრება თუ მათ შორის მზად ვართ, რომ გავასაჩივროთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამიტომ მე მინდა, რომ თქვენი საშუალებით მივმართო იმ ყველა მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ უკანონოდ არის ბრალდებული, მოგვაწოდონ მათი საქმის მასალები, მოგვაწოდონ ბრალის დადგენილება, ჩვენ გავეცნობით ამ საქმეებს და შესაბამისად დავეხმარებით იმ ადამიანებს, სადაც ვფიქრობთ, რომ განზრახვა არ იკვეთება,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.