19 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
„ანაკლიის პორტის პროექტი მეგაპროექტია, რომელზეც გამოკვეთილი ინვესტორი აქამდე არ დამინახავს" - დიმიტრი ცქიტიშვილი

„ანაკლიის პორტის პროექტი არის მეგაპროექტი, რომელზეც კონკრეტული გამოკვეთილი ინვესტორი აქამდე მე არ დამინახავს,“- ეს განცხადება, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. კითხვაზე - იქონია თუ არა გავლენა „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული პროცესები ინვესტორებზე, მმართველი გუნდის დეპუტატს პასუხის გაცემა უჭირს. 

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, გარკვეული პირების მხრიდან "თიბისი" ბანკის საქმეზე სპეკულაცია მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ სპეკულაციები დასრულდება მას შემდეგ, რაც საზოგადოება და დეპუტატები მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან პასუხებს პარლამენტში მოისმენენ.

„მე მართალი გითხრათ, დეტალებს არ ვიცნობ, ვინ არის დაკითხული, ვინ არ არის დაკითხული. უბრალოდ მესმის პოლიტიკურ სივრცეში გარკვეული სპეკულაციები იმისთვის, რომ ეს სპეკულაციები დასრულდეს, კარგი იქნება პარლამენტში მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვისზეც არის საუბარი, მამუკა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს. საბოლოოდ გამოძიების დასკვნებსაც დავუცადოთ. გავიგოთ, რამდენად აქვს ეჭვებს საფუძველი თუ არა. ანაკლიის პორტის პროექტი არის მეგაპროექტი, რომელზეც კონკრეტული გამოკვეთილი ინვესტორი აქამდე მე არ დამინახავს. ამ შემთხვევაში ჰყავდა თუ არა ინვესტორი, იყო თუ არა მოძიებული უკვე კონკრეტული სქემები, მე არ ვიცი და ჯერ კონკრეტული სქემები მათი მხრიდან არ დამინახავს, ვგულისხმობ ანაკლიის პორტს. ამიტომაც, ამ პროცესმა შეუშალა ხელი თუ მანამდე არ იყო მოძიებული, ვერ გეტყვით,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ორშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, თუმცა სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ იქნება. კობა გვენეტაძეს კომიტეტზე დასწრების სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა არც კომიტეტს მიუწვევია.

ამავე თემაზე
დღის ამბები