მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის სურვილი იმაზე მეტმა ემიგრანტმა გამოთქვა, ვიდრე ამას ორგანიზატორები ელოდნენ. ამის შესახებ განცხადება ემიგრანტების მოძრაობის ”ერთად სახლში” აქტივისტმა, გიორგი სიგუამ გააკეთა. მისი თქმით სწორედ ამიტომ აღებული იქნა დამატებითი დარბაზი და ყველა მსურველს შეეძლება საქათველოს მესამე პრეზიდენტის გამოსვლა მოისმინოს და მას კითხვები დაუსვას.
„ძირითადად რა თქმა უნდა იტალიიდან არიან, თუმცა ძალიან ბევრი ქართველი ჩამოვიდა ირლანდიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან და ბევრი სხვა ქვეყნიდან. მოგეხსენებათ თქვენ რამდენად დიდი პროვოკაციები მოგვიწყვეს ლიეჟში. გამოგვიგზავნეს ზონდერები. გამოგვიგზავნეს ადამიანები, რომელსაც უნდოდათ იქ ძალიან არეულობის მოწყობა და გარკვეულწილად გამოუვიდათ კიდეც და დავიჭირეთ ყველანაირი თადარიგი იმისთვის, რომ მიღებული ყოფილიყო უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები და არავითარ შემთხვევაში არავის არ მიეცეს საშუალება რომ ხელი შეუშალოს თანამემამულეების შეკრებას. რეგისტრაცია გაიარა და სურვილი გამოთქვა დასწრების ცოტა მეტმა ადამიანმა, ვიდრე დარბაზი დაიტევს, თუმცა ჩვენ დავიჭირეთ თადარიგი და ავიღეთ დამატებით კიდევ ერთი დარბაზი,“-განაცხადა გიორგი სიგუამ.
მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრა ერთ საათში დაიწყება. ლიეჟში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.