27 სექტემბერი 2020,   11:21
ვრცლად
"მაგით შეიძლება საბოლოოდ დავკარგოთ აფხაზეთი" - მეუფე იაკობი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე საუბრობს 

„დასაფიქრებელი საკითხია, მასე ადვილად გადასაწყვეტი არ არის“ - ეს განცხადება მეუფე იაკობმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც საუბარი საქართველოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასაც შეეხო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, მისი აზრით, ამ ვითარებაში აჩქარება არ ღირს.

ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ რუსეთისგან დიდი რისკი არსებობს იმის, რომ ქართული მხარის მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ, ამას რუსეთის მხრიდან გარკვეული ნაბიჯი მოჰყვეს, რამაც აფხაზეთის ეკლესიის მიერთება განაპირობოს.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ დაჩქარება ამ ვითარებაში გაუგებარია, რადგან თავად მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია დეკლარაციის მიღებიდან 73 წლის შემდეგ აღიარა.

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, როდესაც 1917 წელს მივიღეთ დეკლარაცია, სტალინმა 43-ში ძალით აღიარებინა რუსებს, ხოლო მსოფლიო საპატრიარქომ 90 წელში აღიარა. ანუ 73 წელი გავიდა, სანამ გვაღიარებდა. ამიტომ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი დაჩქარება. როდესაც ჩვენ მეცხრე ადგილზე ვართ მსოფლიოს საპატრიარქოს დიფტიხში და წინა ეკლესიებიდან გადავხედოთ, რამდენმა განაცხადა თანხმობა. რუსს რომ მხარს არ დავუჭერთ გასაგებია, გვეომება და წართმეული აქვს. მსოფლიოს საპატრიარქოს მხარე დავიჭირეთ, ვთქვათ, დღესვე, ამას რა მოჰყვება, უბრალოდ დიფტიხში მოვიხსენიებთ უკრაინის ეკლესიას ხომ? და ცოტა ხანში ეტყვის აფხაზებს, დააწერინებს ნებისმიერ წერილს და მიიერთებს ეკლესიას. დასაფიქრებელი საკითხია, მასე ადვილად გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ, შინაგანად, ყველამ ვიცით, რომ უკრაინელი ხალხი იმსახურებს ავტოკეფალიას... მე იმათი მიკვირს, სასულიერო პირების, რომ მივცეთ, მივცეთ, ამაზე რატომ არ ფიქრობენ. ვის დაელაპარაკნენ უცხოეთში, ვისთან გაიარეს და ფიქრობენ თუ არა, რომ მაგით შეიძლება საბოლოოდ დავკარგოთ აფხაზეთი და ცოტა ხანში მერე ცნონ აფხაზეთი. იგრძნობა რა, იქ ხომ ეკლესია სახელმწიფოს სხვანაირად დამატებაა, სხვა უწყებებთან კავშირშია და რასაც ისინი დაავალებენ, იმას გააკეთებენ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

დღის ამბები