19 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
რღვევა "ოცნებაში" - P.S.-ის ინფორმაციით, მმართველი გუნდიდან წასული პოლიტიკოსები 30 დეპუტატთან საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავენ

"ქართული ოცნებიდან" უკვე წასული პოლიტიკოსები უმრავლესობის კიდევ 30 წევრთან საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავენ. ისინი მმართველი გუნდიდან მათ გადმობირებას ცდილობენ. 

როგორც ირკვევა, ესენი ის დეპუტატები არიან, ვინც უკმაყოფილოა მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებით, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ბედავენ გუნდიდან გასვლას, ვინაიდან არ უნდათ ბიძინა ივანიშვილის განაწყენება.

P.S.-ის ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს პატივისცემა და შიში აჩერებს, ზოგიერთს ივანიშვილის მიმართ მორალური, ზოგს კი ფინანსური ვალდებულებები.

ყველას, უკვე გასულებსაც და გამსვლელებსაც  აერთიანებს ერთი რამ: ისინი აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ მან არასწორი ადამიანები აირჩია თავის დასაყრდენად და დეპუტატების უმრავლესობას არც კი ეკონტაქტება. რომ პარტიაში გადაწყვეტილებების მისაღებად შეხვედრებიც კი არ იმართება. რომ ქვეყანა იმართება ჩატით და საერთო ჩატში ჩაგდებული მესიჯებით.

ივანიშვილის მიმართ პრეტენზიები არსებობს, მაგრამ არსობრივად წასულებს ივანიშვილი მაინც მოსწონთ. ისინი პირდაპირ ამბობენ თუ ივანიშვილი ჩამოიშორებს ამ "არასწორ" ადამიანებს და მართვის "არასწორ" მეთოდებს, მაშინ წასულები ისევ გაერთიანდებიან მასთან.

ვინ არიან ეს "არასწორი" ადამიანები, რომლებიც ასეთ უკმაყოფილებას იწვევენ ოცნებაში - პირველ რიგში, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ამიტომაც სწორედ მისი იმპიჩმენტისთვის და თანამდებობიდან გაძევებისთვის ემზადებიან ოპოზიციაში წასულები.

როგორც ჩანს, პრობლემას თავად ივანიშვილიც ხედავს.  წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე მილიარდერს ძალიან მძიმე საუბარი ჰქონდა კობახიძესთან, მდინარაძესთან და თალაკვაძესთან ამ უკანასკნელისთვის ლანძღვაც არ დაუკლია და მათგან მოითხოვა, რომ ყველანაირი მეთოდით ხელი შეუშალონ "ოცნებიდან" დამატებითი წევრების გასვლას. 

 

​ 

დღის ამბები