19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - ოპოზიცია შს მინისტრის გადადგომას ითხოვს 

მამუკა ხაზარაძის მიერ, გიორგი გახარიას მისამართით გამოთქმულ უმძიმეს ბრალდებებს, ოპოზიცია გამოეხმაურა.

განცხადება TBC ბანკის დამფუძნებელმა დღეს პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან კონკრეტული მოთხოვნებით, მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

"ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო უწყებებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ მოუწოდებს და შს მინისტრის გადადგომას ითხოვს. 

„ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე, სხვანაირად ვერ შევაფასებ, წარმოუდგენელი ძალადობა.  ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“  მოვითხოვთ, რომ დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და ბატონი გახარია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ დღეს ვხედავთ ხელისუფლების ძალადობას ყველა მიმართულებით,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, "ევროპული საქართველო" ვიცე პრემიერს ახსნა განმარტებებისთვის პარლამენტში იბარებს. დავით ბაქრაძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. 

„პირველი და სასწრაფო, რასაც მოითხოვს „ევროპული საქართველო“ არის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა და მისგან საჯაროდ პასუხის გაცემა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ბატონი გახარიას მისამართით. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა. ეს არის თემა, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და მისი ეკონომიკის მომავალს. ეს არის თემა, სადაც დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ბრალდებები მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებების და მათი ორკესტრირებული დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, ამიტომ ყველა ამ კითხვას აუცილებელია გაეცეს პასუხი. პასუხის გამცემი და მომკითხავი ბუნებრივია ვერ იქნება პროკურატურა, რომელიც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და გააჩნია ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები