პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხმაურიანი და დაძაბული სხდომა - ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქმე თითქმის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. სხდომაზე კარასინთან გამართული შეხვედრის შესახებ ზურაბ აბაშიძის ანგარიში უნდა მოისმინონ.
სხდომაზე დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ წევრსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შორის გამწვავდა. გიგა ბოკერია და დიმიტრი ცქიტიშვილი, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ, ერთმანეთს სიტყვიერად ეპაექრებოდნენ.
„ბიჭოთი ელაპარაკე შენნაირ სულელებს ბიჭო... დისკუსიის ატანა უჭირთ ჩვენი უმრავლესობის წევრებს. როცა ხედავენ რომ სუსტი პოზიცია აქვთ, კარგავენ თავშეკავებას... შეხედეთ რა დღეშია, ეს ახლა უმრავლესობაშია და ესე ვერ იტანს და ეს რომ უმცირესობაში იყოს, აქედან გაქრებოდა საერთოდ. მე მშვიდად ვარ. არგუმენტები როცა ესმით ხოლმე და პასუხი არ აქვთ, იწყებენ ესეთ უსაქციელობას, ყვირილს და წივილს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საგარეო კომიტეტის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციის წევრები მათ კონფლიქტში ჩათრევას ცდილობენ.
„ხელის გაწევამდე არ მივსულვართ საბედნიეროდ, მაგრამ რეალურად, ეს ის ელემენტარული ზრდილობის ამბავია, რომელშიც ადამიანები ცდილობენ, რომ ჩაგვითრიონ და კონფლიქტამდე მიგვიყვანონ,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
საბოლოოდ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სხდომა, სადაც კარასინთან გამართული შეხვედრის შესახებ ზურაბ აბაშიძის ანგარიში უნდა მოისმინონ, დაიხურა.