შს მინისტრი მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს უარყოფს. გიორგი გახარია ამბობს, რომ მას TBC ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძესთან კონტაქტი არ ჰქონია.
ხაზარაძე კი მინისტრს მუქარაში ადანაშაულებს და საუბრობს წერილზე, რომელიც ბიზნესმენის თქმით, გიორგი გახარიამ დაწერა და მუქარის შემცველია.
გახარიასთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა მამუკა ხაზარაძემ ასეთი განცხადება. მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ ბიზნესმენის მიზანი მხოლოდ იმუნიტეტის მოპოვება იყო.
მინისტრი ამბობს, რომ ის მზად არის გაჩენილ კითხვებს უპასუხოს და საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს.
„არავის ვეკონტაქტებოდი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება პარლამენტში მისვლას არაერთხელ მივსულვართ, ამ საქმესთან დაკავშირებით მივალ დიდი სიამოვნებით,“-აცხადებს შს მინისტრი.
TBC ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მას გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა.
ხაზარაძის თქმით, გახარია მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.
ხაზარაძე ამბობს, რომ არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.