„თანამოაზრეები გვყავს, ფრაქცია, სავარაუდოდ, არ დაიშლება“ - ეს განცხადება სიმონ ნოზაძემ „ქართული ოცნების“ პარტნიორი ფრაქცია მრეწველებიდან, დეპუტატი შოთა შალელაშვილის გასვლის შესახებ საუბრისას გააკეთა.
სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ შალელაშვილთან ორი კვირის წინ, ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა.
„თანამოაზრეები გვყავს, ფრაქცია, სავარაუდოდ, არ დაიშლება. მას მიაჩნია, რომ მაინც და მაინც არ შეესაბამება მისი შეხედულებები მრეწველებთან ყოფნას და მე დეტალური საუბარი მასთან არ მქონია, თუმცა ამ თემაზე ორი კვირის წინაც მითხრა, რომ აპირებდა გასვლას,“ - აცხადებს ნოზაძე.
ნოზაძე შალელაშვილის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ახლა ამის დრო არ არის.
„მე არ მგონია რომ ამის დრო იყო, ბატონი ირაკლის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების. არც ესეთი მარტივი არ იქნება,“ - აღნიშნა ნოზაძემ.