19 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
პატიმრობა 1 წლითა და 1 თვით - მირზა სუბელიანი საპატიმროს 4 თვეში დატოვებს

მოსამართლის მიერ შეცვლილი კვალიფიკაციით, მირზა სუბელიანი დამნაშავედ დანაშაულის დაფარვისთვის სცნეს. პროკურატურა კი მისი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნისთვის გამამტყუნებელ განაჩენს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ითხოვდა. საქმე 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 მოზარდის მკვლელობას ეხება. სუბელიანის დაკავების მომენტიდან სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ მან გამოძიებას დათუნა სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია არ შეატყობინა, რომელიც სუბელიანმა დანაშაულიდან რამდენიმე საათში მისი ნათესავების, კალანდიების სახლში ნახა.

საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ქმედება დანაშაულის დაფარვა უფროა, ვიდრე შეუტყობინებლობა, რისთვისაც სასჯელად 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამ განაჩენით, მირზა სუბელიანი საპატიმროს 4 თვესა და 5 დღეში დატოვებს. სასჯელის ნახევარზე მეტი მას უკვე მოხდილი აქვს. უკვე მსჯავრდებული სუბელიანის ადვოკატებისთვის განაჩენი მიუღებელია. ისინი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ძირითად სასჯელად ჯარიმის დაკისრებას ითხოვდნენ.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ესწრებოდა მოკლული დათუნა სარალიძის მამა. მირზა სუბელიანი ზაზა სარალიძის ბრალდების მთავარი ობიექტი იყო. ის სულ ამტკიცებდა, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა მისი შვილის მკვლელებს.

მირზა სუბელიანი სამართალდამცავებმა გასული წლის 9 ივნისს დააკავეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები