მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელის გამოკითხვას, პროკურატურა ითხოვს. გამოკითხვა 14:00 საათზე ჩაინიშნა. საქმე ეხება ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან შს მინისტრი მუქარაში დაადანაშაულა.
სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ გუშინ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.
ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ.