19 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
„მმართველ პარტიაში მიმდინარე საკითხები არ არის საკითხები, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს ამ სივრცეში" - პრეზიდენტის პრესსპიკერი

სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე ვერ ისაუბრებს - ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. 

ტრადიციულ ბრიფინგზე ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, არის საქართველოს პრეზიდენტი და მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენები ამ სივრცეში განხილვის საგანი არ არის.

„მმართველ პარტიაში მიმდინარე საკითხები არ არის ის საკითხები, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს აქ, ამ სივრცეში. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს პრეზიდენტი,“-აცხადებს მოისწრაფიშვილი.

ეს განცხადება მოისწრაფიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, როგორ აფასებდა საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვას ან ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ გუნდში დაბრუნდა. ის დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრო და პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობაც ჩაიბარა.

არ არის გამორიცხული ღარიბაშვილი პარლამეტში აღმოჩნდეს. შესაძლოა მან კენჭი მთაწმინდის მაჟორიტარად იყაროს. ეს პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა და საპარლამენტო მანდატი დატოვა. 

დღის ამბები