პრობლემები, რომლებსაც სოციალური მუშაკები ყოველდღიურად აწყდებიან - ამბობენ, რომ სოციალური მომსახურების სისტემა ჩამოშლილია და ადამიანებს ვეღარ იცავს. დაუცველია ძალადობის მსხვერპლი ბავშვიც, ხანდაზმული ადამიანიც და სპეციალური საჭიროების მქონე პირიც.
ჯანდაცვის სამინსიტროს წარმომადგენლები წლებია, ამ პრობლემების მოგვარებას ითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ მათ აღარავინ უსმენს.
ბევრი უპასუხო წერილისა და შეუსრულებელი დაპირების გამო, სოციალური მუშაკები სისტემაში არსებულ ხარვეზებზე სასაუბროდ პარლამენტში მივიდნენ და შეკითხვები ჯანდაცვის უწყების პირველ პირს დაუსვეს.
სერგეენკო ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ევროპულმა საქართველომ დაიბარა. საკომიტეტო ფორმატში მინისტრს ოპონენტების მწვავე კითხვებზეც მოუწია პასუხების გაცემა.
საკომიტეტო მოსმენას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ უწყება მიდგომების გადახედვა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვი გარდაიცვალა.
სოციალური პოლიტიკის მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე დავით სერგეენკო პასუხიმგებლობას იღებს და პრობლემებს აღიარებს. მინისტრი პირობას დებს, რომ 2019 წელს უწყებას კიდევ 50 სოციალური მუშაკი შეემატება. მოგვარდება ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურული პრობლემებიც.