ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან ერთად, განსახილველ საკითხთა შორის სასამართლოს რეფორმა მოხვდა, ასევე მსჯელობის საგანი გახდა უვიზო მიმოსვლაც.
ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა, შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა გამჭვირვალე უნდა იყოს.
„დღეს ყურადღება გავამახვილეთ და შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია ინკლუზიური პოლიტიკური გარემო. საჭიროა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემა. ევროკავშირი გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას ამ სფეროში. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და დანიშვნას, ვიმედოვნებთ, რომ პროცესი იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი მთლიანად სასამართლო სისტემისთვის და სასამართლო რეფორმის წარმატებისთვის,“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინმა, განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს სხვადსხვა საკითხი, მათ შორის იყო უვიზო მიმოსვლა და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
„ორი წელია, რაც ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი უვიზო რეჟიმი მიანიჭა შენგენის ზონაში. მას შემდეგ საქართველოს 300 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ გადაწყვეტილებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგი, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. დღეს ვილაპარაკეთ იმ გზებზე, რომლითაც შეგვიძლია, ამასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა მოვაგვაროთ. ვისაუბრეთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც. ახალმა პრეზიდენტმა პირველი ვიზიტის ადგილად ბრიუსელი აირჩია, რაც მკაფიო სიგნალი იყო ჩვენთვის. მასთან და თქვენთან შეხვედრაზეც აღვნიშნე, რომ პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ მნიშვნელოვანია დიალოგი და შერიგება. მოხარული ვარ, რომ პასუხისმგებლობას იღებთ, მოაგვაროთ ის ხარვეზები, რომლებიც აღნიშნულია ეუთოსა და ოდეარის დასკვნაში,“ - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.