TBC ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით „ევროპული საქართველო“ დეპუტატების ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს.
ხელმოწერების წარდგენა პარლამენტის ბიუროს პირველივე სხდომაზე იგეგმება.
„გვჭირდება 50 ხელმოწერა იმისთვის, რომ ეს საკითხი იყოს ინიცირებული. ვნახავთ რა პოზიციას დაიკავებენ ჩვენი კოლეგა დეპუტატები, ვნახოთ, რამდენად გაბედავენ ხელი მოაწერონ ამ მოთხოვნას,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.
ინიციატივას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობაც,“ რომელიც კომისიის გარდა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.
„600 მილიონი ჩამოკიდებულია ჰაერში, რომელიც გამოყოფილია ანაკლიის პროექტის განვითარებისთვის, თუ ეს პროცესი დიდხანს გაიწელა მაშინ უდიდესი პროექტი გაიყინება მრავალი წლით და ეს იქნება რუსული ინტერესის შესრულება,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.
საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ თვლის უმრავლესობა. გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია მამუკა ხაზარაძის აბსურდულ განცხადებას ჩაეჭიდა.