"ლეიბორისტული პარტია" ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აქცია-პერფორმანსით აპროტესტებს. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს რუსთაველის გამზირზე იმ მაღალჩინოსნების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ.
ახალგაზრდები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ისინიც დაბრუნდნენ აქტიურ პოლიტიკაში, რაც მათი აზრით, ქვეყნის განვითარებისთვის საგანგაშო იქნება.
„გვინდა, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველა ის „მკვდარი“ პოლიტიკოსი , რომლებიც თანამდებობებზე იყვნენ, ბევრი დანაშაულიც ჩაიდინეს და ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ღარიბაშვილის მსგავსად შეიძლება ისინი კვლავ დაბრუნდნენ ქართულ პოლიტიკაში,“ - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მაღალჩინოსნებს პოლიტიკაში მხოლოდ პირადი პოლიტიკური ბენეფიტების დასაწერად აბრუნებს.
„ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იყენებს ძველ კომპრომატებსა და ძველ ადამიანებს, როდესაც მას სჭირდება რაღაც პირადი პოლიტიკური ბენეფიტების დაწერა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ხალხი არ დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში,“ - პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი.