მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილი სკანდალური შინაარსით, პროკურატურისთვის გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არ არის. თუმცა სწორედ ფარატინა ფურცელი, როგორც მუქარის გზავნილს "ქართული ოცნება" უწოდებს, ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად მოტივირებულ არაერთ საქმეში მთავარ მტკიცებულებად დევს.
გიგი უგულავა ერთ-ერთია, ვინც მთავარმა პროკურატურამ უცნობი ავტორის წერილის საფუძველზე გაასამართლა და ციხეში ჩასვა. 2014 წელს, თბილისის ყოფილი მერის საქმის პროკურორი ამტკიცებდა, რომ უგულავამ საქმის მოწმეს მუქარის წერილი გადასცა. გზავნილი თბილისიდან ლონდონში მოწმე კაპანაძეს ვინმე შავმა ბრგე კაცმა ჩაუტანა. პროკურორის ამ მონათხრობზე და ერთ ფარატინა ფურცელზე დაყრდნობით მოსამართლე გოგინაშვილმა რამდენიმე წუთიანი მსჯელობის შემდეგ, უგულავა ციხეში გაუშვა. თბილისი ყოფილი მერი ამბობს, რომ ის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი აღმოჩნდა.
ერთი ფარატინა ფურცელი, ბეჭდის და ბლანკის გარეშე იყო მთავარი მტკიცებულება "რუსთავი 2"-ის საქმეშიც. ქიბარ ხალვაშის მიერ სასამართლოში წარდგენილი რამდენიმე ნაბეჭდი გვერდი საკმარისი საფუძველი გახდა, რომ ტელევიზია მოსამართლე ურთმელიძეს მისთვის მიეკუთვნებინა.
„რუსთავი 2“-ის და უგულავას საქმე გამონაკლისი არ არის, როდესაც პროკურატურამ ერთი ფარატინა ფურცელი, საქმეში მტკიცებულებად ჩადო. ასე მოხდა ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრის, კობა ხარშილაძის შემთხვევაშიც. მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერის დაცვის წევრები ხარშილაძე და ფურცხვანიძე პირველი ინსტანციის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, პროკურორმა სააპელაციო სასამართლოში, ინტერნეტით ხარშილაძის სახელზე დაჯავშნილი ბილეთის ასლი წარადგინა. ჯავშანი წინასწარი პატიმრობის საფუძველი გახდა.
1 ანონიმური შეტყობინება და რამდენიმე წუთი გახდა საჭირო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საქმის წარმოების დასაწყებად. მაშინ, განათლების სამინისტრომ, ვინმე ლავრენტი ქირიას შეტყობინებაზე, რომელიც დადასტურდა, რომ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს, რეაგირება 3 წუთში მოახდინა და სკოლის დირექტორის დევნა დაიწყო, რასაც საბოლოოდ ია კერზაიას გარდაცვალება მოყვა.
ხაზარაძისთვის მიტანილი წერილი პროკურატურამ გამოძიებისთვის არასაკმარისად მიიჩნია. სამაგიეროდ 7 ნოემბრის საქმეში მტკიცებულებად ინახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის ხელნაწერი ბლოკნოტი. მაღლაფერიძე ამტკიცებდა, რომ ვანო მერაბიშვილთან თათბირებს აკონსპექტებდა, ეს კონსპექტები კი მერაბიშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდა.