19 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"ივანიშვილს სჭირდება ახლა ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკურად ქურდული ავტორიტეტის მქონე ადამიანი"-არმაზ ახვლედიანი

„ოცნების“ მმართველობა სრულდება - ასე აფასებს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, არმაზ ახვლედიანი ირაკლი ღარიბშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. "თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" დამფუძნებელი და დირექტორი აცხადებს, რომ როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს ძალიან გაუჭირდა რადგან ირაკლი ღარიბაშვილი მოაბრუნა. თუმცა არმაზ ახვლედიანის თქმით, ღარიბაშვილის დაბრუნება შედეგს არ მოუტანს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურად უგუნური გადაწყვეტილება მიიღო.

„რა შეიცვალა ვკითხულობ? გაიზარდა ღარიბაშვილი პოლიტიკურად? ისწავლა შეცდომებზე? რა თქმა უნდა არა. მხოლოდ ის ხდება, რომ ივანიშვილს სჭირდება ახლა ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკურად ქურდული ავტორიტეტის მქონე ადამიანი, ვინც რაღაცეებს დაულაგებს უკეთ ვიდრე შეიძლება აქამდე ულაგებდა კობახიძე. კობახიძე კი ძალიან მონდომებულია, როგორ არ ცდილობს დაულაგოს მაგრამ ავტორიტეტი კობახიძის საერთოდ ვერ შედგა. განწყობა ნათლად გამოიხატა გასული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, როცა მას უთხრეს, რომ შენ პოლიტიკურად შიშველი ხარ. და თუ ივანიშვილის ჰგონია, რომ ღარიბაშვილის სადამსჯელო რაზმის შემოყვანით ახლა პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ოდნავ მაინც მისთვის სასიკეთოდ  ან ტაქტიკურად ან სტრატეგიულად რამე შეიცვალოს, ის ცხადია მწარედ ცდება. ამ თავისი არასწორი, უგუნური გადაწყვეტილების შედეგს სულ მალე დაინახავს,“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტიც. ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გამოირჩევა აგრესიული რიტორიკით. მისივე თქმით, როგორც ჩანს "ქართულ ოცნება" გათვლებს აკეთებს საზოგადოების პოლარიზებასა და ორად გახლეჩვაზე, რაც არათუ მარტო პარტიისთვის, ქვეყნისთვისაც დამაზიანებელი იქნება. 

„სწორედ კიდევ უფრო მეტად გამოიყენებენ საზოგადოების პოლარიზაციას იმისთვის, რომ მიაღწიონ ძალაუფლების მაქსიმალურად კონსოლიდირებას. ამ შემთხვევაში შეკითხვა არის სად იქნება "ქართული ოცნება" კი არა 2020 წელს, სად იქნება ქართული სახელმწიფო. ქართული სახელმწიფო ვერსად ვერ იქნება 2020 წელს იმიტომ, რომ ასეთი ტიპის პოლარიზაციით რეალურად ჩვენ საფუძველს გამოვაცლით ეფექტურ სახელმწიფოს მშენებლობას, ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და უდიდეს სამსახურს გავუწევთ რუსეთს, რომლის მიზანიც არის რომ საქართველო იყოს არშემდგარი სახელმწიფო. აი ასეთი ფიგურების შემოყვანით როგორიც ღარიბაშვილია, ისეთი მაპოლარიზებელი რადიკალური მიდგომებით, რომლის მთავარი ამოცანაც არის საზოგადოების გახლეჩვა და არა გაერთიანება, ჩვენი ქვეყნა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე რჩება დაუცველია,“-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

დღის ამბები