19 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
"სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა უკვე 125 000 ადამიანმა ჩაიტარა, არის სრული ტყუილი“- ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ევროპული საქართველო" ჯანდაცვის მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს. საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც დავით სერგეენკო ამბობს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში 125 ათასმა ადამიანმა იმკურნალა.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მინისტრმა ცრუ მონაცემები გააჟღერა. "ევროპულ საქართველოში" პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე და მისი შეჩერების რისკებზე საუბრობენ.

„დავით სერგეენკოს განცხადება, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა უკვე 125 000 ადამიანმა ჩაიტარა არის სრული ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ამ მომენტისთვის პირიქით, პროგრამას აქვს სერიოზული პრობლემა იმისა, რომ იმათაც კი, ვისაც დაუდასტურდა C ჰეპატიტის არსებობა იმათი ნაწილიც კი, დღეს პროგრამაში ჩართული არ არის და ჯანდაცვის სამინისტროს სერიოზულად სჭირდება მენეჯმენტის გაუმჯობესება იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მნიშვნელოვნად აიწიოს იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც მკურნალობა ჩაიტარა,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის ბრალდებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უპასუხა. ამირან გამყრელიძის თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დავით სერგეენკოს ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია მისცა.

„არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ბატონი ზურაბის მიერ მინისტრის გამონათქვამი. მკურნალობაში ჩართულია 53 000 ადამიანი, იქიდან დაახლოებით 49 000-მა უკვე დაამთავრა მკურნალობა და განკურნების მაჩვენებელი არის 98 პროცენტი., ანუ ჩვენ ჩვენს სამიზნემდე, დაახლოებით, რომელიც მერყეობს 123-125 ათასის ფარგლებში, კიდევ უნდა ჩავრთოთ მკურნალობაში დაახლოებით, 60-65 ათასი ადამიანი მომავალი ორი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები