"თიბისი" ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები მხარს უჭერენ. ეკა ბესელიას განცხადებით, მაშინ როდესაც საქმეში მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მმართველი პარტიის მხრიდან საკითხზე იუმორით საუბარი არასწორია.
„ჩვენ ვერ დავამტკიცებთ და ვერ ვიტყვით უტყუარი სტანდარტით ეს არის სარწმუნო ბრალდებები რაც ისმის ბატონი ხაზარაძის მხრიდან თუ ეს არ არის სერიოზული. ყველა შემთხვევაში იმისთვის, რომ საკითხი არ დარჩეს ღია და არ დარჩეს კითხვები, ასევე არ გამოიწვიოს მან ეჭვები, რომელიც მიმართულია ამ ბრალდებების გახმოვანებისთანავე ძალიან მარალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები მიმართ, ამას სჭირდება საპარლამენტო კონტროლი და ზედამხედველობა. იმ პირობებშიც კი გამოძიება, რომ აბსოლუტური მიუკერძოებლობით ჩატარდეს გამოჩნდებიან მაინც საზოგადოებაში ადამიანები ვისაც ექნებათ განცდა, რომ ეჭვი შეიტანონ მიუკერძოებლობაში იმიტომ, რომ საქმე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს. ამიტომ მე არ შევხედავდი ესე იუმორით ამ წერილს და ამ განცხადებებს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას პოზიციას იზიარებს გედევან ფოფხაძეც, რომელიც აცხადებს, რომ წერილთან დაკავშირებით ქილიკი საზოგადოებისთვის უფრო მეტად გამაღიზიანებელია. მისივე თქმით, ძალიან მსხვილმა ბიზნესმა პარლამენტს მიმართა დახმარებისთვის და საკანონმდებლო ორგანომ ამისთვის უნდა მონახოს სწორი ფორმა.
„საზოგადოებას სჭირდება ობიექტური სიმართლე იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიდის ქვეყანაში და ერთ-ერთი, რომელიც ეხება ბიზნესს. ძალიან მსხვილმა ბიზნესმა მიმართა საპარლამენტო ორგანოს და სთხოვა დახმარება, რომ ის არ მოხვდეს პოლიტიკური ზეგავლენების ქვეშ და არ იქცეს ამის მსხვერპლი. აქ უკვე ჩემთვის რაღაც ნიუანსები მეორე ხარისხოვანი ხდება,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება, საკითხი კენჭისყრაზე მაინც გავა. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.